ქებრონში წაიქცა მამბრეს მუხა

ქებრონში წაიქცა მამბრეს მუხა

ქებრონში წაიქცა მამბრეს მუხა, რომლის გახმობა, გადმოცემის მიხედვით, სამყაროს აღსასრულის ერთ-ერთი წინასწარი მაუწყებელია. თუმცა, გამხმარი ხის წაქცევისას ახალგაზრდა ყლორტი არ დაზიანებულა.

მამბრეს მუხა, ანუ აბრაამის მუხა – ეს არის უძველესი ხე, რომლის ქვეშაც, ბიბლიის თანახმად, აბრაამმა ღმერთს უმანსპინძლა. “გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხნართან, როცა კარვის კართან იჯდა დღის პაპანაქებაში” (დაბ. 18:1). აბრაამმა აქ სამ ანგელოზს, რომელიც მას მგზავრთა სახით გამოეცხადნენ, დასვენება შესთავაზა: “მცირეოდენ წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ, მერე მოისვენეთ ხის ჩრდილში” (დაბ. 18:4). ეს მარადმწვანე პალესტინური მუხა, რომელიც ჩვენს დრომდე შემორჩა, 5000 წლისაა. მდებარეობს მდ. იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინის ავტონომიაში, ქებრონში, სადაც დაკრძალულნი არიან: აბრაამი, ისააკი, იაკობი და მათი ცოლები: სარა, რებეკა, ლია.

მამბრეს მუხა იმყოფება ქებრონში წმიდა სამების რუსული მონასტრის ეზოში, რომელიც მახპელას გამოქვაბულის ჩრდილო-დასავლეთით 3 კმ-ს დაშორებით მდებარეობს. ეს არის მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინის ავტონომიაში.

ხე თავის დროზე აღმოაჩინა რუსული სასულიერო მისიის ხელმძღვანელმა იერუსალიმში არქიმანდრიტმა ანტონინმა (კაპუსტინი). 1868 წელს მან შეისყიდა მიწის ნაკვეთი, რომელზეც მუხა იდგა. XX ს-ში მის ახლოს გაშენდა წმიდა სამების მონასტერი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მიწა გადავიდა რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მფლობელობაში, ხოლო 1997 წლიდან ის კვლავ გადმოეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას (მოსკოვის საპატრიარქოს).

სპეციალისტების აზრით, სამშენებლო სამუშაოების შედეგად, რომელიც XX ს-ის 70-იან წლებში ჩატარდა, როდესაც უძველესი ხის ირგვლივ აშენდა წრიული თასის ფორმის კედელი, დაიწყო მუხის ფესვების გახმობის თანდათანობითი, მაგრამ შეუქცევადი პროცესი. მეოთხედი საუკუნის გასვლის შემდეგ ამა გამოიწვია ის, რომ ხის ღერო მთლიანად გახმა. მამბრეს მუხაზე უკანასკნელი მწვანე ფოთოლი შემჩნეულ იქნა 1996 წლის აპრილის თვეში.

ხის გახმობამდე მიიჩნეოდა, რომ ხის ორი ნაწილი წარმოადგენდა ორი აღთქმის სიმბოლოს, გამხმარი ნაწილი იყო ძველი აღთქმა (სჯულის აღსრულების პერიოდი, რომლის ნაცვლად შემდეგ მოცემულ იქნა ახალი აღთქმა: მთ. 5:17, რომ. 10:4, ებრ. 8:13), ხოლო მწვანე ნაწილი – ახალი, “სიცოცხლის სჯულის აღთქმა” (რომ. 8:1, 2).

მართლმადიდებლური გადმოცემის მიხედვით, ამ ხის სიკვდილი წარმოადგენს სამყაროს აღსასრულის მოახლოების ერთ-ერთ ნიშანს. მაგალითად, 1977 წელს ხის ფესვიდან ამოიზარდა ახალი ყლორტი, რამაც მორწმუნეებს საფუძველი მისცა ეფიქრათ, რომ სამყარო კიდევ ერთხელ შეწყალებულ იქნა. 20 წლის განმავლობაში ის ბუჩქოვან მწვანე ახალგაზრდა ხედ გადაიქცა.

რაც შეეხება წინასწარმეტყველებას, ეს პირველი აღსრულებული წინასწარმეტყველება როდია.

ოქტომბერში, მკვდარ ზღვაში, სადაც სიცოცხლე, წყალში მარილის მაღალი შემცველობის გამო, დღემდე შეუძლებლად ითვლებოდა, თევზები აღმოაჩინეს. ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველის ეზეკიელის წინასწარმეტყველებით, მესიის მოსვლის წინ (ანუ მეორედ მოსვლის წინ – “აპოკ”. რედ.) მკვდარი ზღვა “გაცოცხლდება” და იქ თევზი მომრავლდება.

ხოლო სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ პირველად ორი ათასი წლის განმავლობაში ისრაელში დაიბადა “აპოკალიფსური ხბო” – წითელი წმიდა ხბო, რომელიც უნდა დაიკლას მესამე ტაძრის კურთხევისას და რაც, თავისთავად, მოასწავებს სამყაროს აღსასრულის მოახლოვებას.
apocalypse.ge