ხათუნა საგინაშვილი: დილა იყო მზიანი, მაგრამ სუსხიანი, იდუმალი და უსიცოცხლო…

ხათუნა საგინაშვილი: დილა იყო მზიანი, მაგრამ სუსხიანი, იდუმალი და უსიცოცხლო…

დღეს დილით კაცი და ძაღლი ერთად იქექებოდნენ ნაგვის ურნაში…
დილა იყო სუსხიანი, ადრიანი, როცა მოსახლეობის უმრავლესობა დილის ტკბილ ძილს თავს ვერ ართმევს ხოლმე და დასვენების დღის ხიბლით თბილ ქვეშაგებში უსასრულოდ ნებივრობს; ის კი უთენია გამოსულა პარკებით ხელში საშოვარზე, ცნობისყვარე თვალისთვის უჩუმრად, სანამ თბილისს თბილ ქვეშაგებში კვირა დილის ტკბილი ძილით სძინავს; ან იქნებ იმიტომაც იჩქარა ასე, რომ სხვა მისნაირმა არ დაასწროს ნაგავში ქექვა და მისი წილი “ბედნიერება” არ იპოვოს სხვის გადაყრილ საყოფაცხოვრებო ნარჩენებში…
ყელთან მომაწვა ბურთი; მინდა დროზე მივუახლოვდე, თან მეშინია, არ იუხერხულოს, არ შერცხვეს, ერთი ცელოფანი ხმელი პურებით რომ გაუვსია ურნიდან… მაინც მინდა… მაგრამ არა, როგორც კი ადამიანის ნაბიჯის ხმა იგრძნო, სწრაფად მიატოვა საკუთარი საბადო და წავიდა, ვინ იცის – უმისამართოდ… ნაგავში დაეძებს, მაგრამ მასაც აქვს შერჩენილი თავმოყვარეობა, ჯერ ვერ ჩაუკლეს, ჯერ ვერ ამოუშანთეს, ბევრს კი ეცდნენ…
სამი მილიონიღა დავრჩით – ვერ გვიპატრონეს, ვერ დაგვიფარეს… სამი მილიონი – ეს მხოლოდ დღეს, მაგრამ ხვალ? ზეგ?..მხოლოდ ღმერთმა იცის, რა იქნება ხვალ და ზეგ…
დილა იყო მზიანი, მაგრამ სუსხიანი, იდუმალი და უსიცოცხლო… როცა კაცი და ძაღლი ერთად იქექებოდნენ ნაგავში… და ეს ის შემთხევავაა, როცა ადამიანს იმასაც ვერ უსურვებ, ძაღლის ბედი გქონდესო…